ჯარედ ლეტო
ჯარედ ლეტო – ყველა ლამაზმანის საყვარელი
2009-11-02 15:56:23
ჯარედ ლეტო იღბლიან ვარსკვლავზეა დაბადებული. რასაც კი ხელს მოჰკიდებს, ყველაფერში წარმატებულია – კინოში სერიოზული როლები, მუსიკაში საუკეთესო სიმღერები და ცხოვრებაში საუკეთესო ქალები. გასაკვირი არ არის, რომ ჯარედ ლეტო განსაკუთრებულად პოპულარულია მშვენიერი სქესის წარმომადგენლებში.
მოდელები და მსუბუქი ყოფაქცევის ქალები
ქალებთან ურთიერთობაში ჯარედმა თავისი მომხიბვლელობით კუნთმაგარი მამაკაცებიც კი უკან ჩამოიტოვა. მაგალითად, 2000 წელს ლეტომ რომანი გააბა ტელეწამყვან შანელ რაიანთან, რომელიც იმ პერიოდში კუნთმაგარ ვინ დიზელს ხვდებოდა.
37 წლის სიმპათიური ჯარედ ლეტო ჯერ კიდევ ვერ შეეგუა სტაბილურ ურთიერთობებს და უპირატესობას ხანმოკლე რომანებს ანიჭებს. რომანებს შორის კი მსუბუქი ყოფაქცევის ქალები და სტრიპტიზიორები განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
1995–96 წლებში მსახიობსა და მომღერალს რომანი ჰქონდა სერიალების ვარსკვლავ კრისტი მაკდენიელთან. მასთან დაშორების შემდეგ რამდენიმე თვე ჯარედ ლეტო მუდმივად სტრიპტიზკლუბებში დადიოდა.
მის საყვარლებს შორის არის პორნომოდელი ნიკი ნოვა, რომლის შიშველი ფოტოებით სავსეა ინტერნეტი. როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ნიკის ერთდროულად ჰქონდა ურთიერთობა ჯარედ ლეტოსთან და მეორე ჰოლივუდელ მსახიობ ბილი ზეინთან.
ჰოლივუდში ქერათმიანი ქალების სიყვარული კარგ ტონად ითვლება. ქერათმიანი მოდელები კი ამ საქმეში უკონკურენტონი არიან. ჯარედის ლტოლვას მოდელებისადმი მისი ცხოვრებაც ამტკიცებს. მსახიობი კარგა ხანი არ იჯერებდა, რომ მოდელებთან რომანი საშიშია. ბოლოს ამაში მაშინ დარწმუნდა, როდესაც "პენტჰაუსის" ვარსკვლავი კრისტა ეინი პრესაში მასთან რომანზე ალაპარაკდა. "ვერ ვიტყვი, რომ ჯარედთან რომანმა თავი დამაკარგვინა. ჩემი ცხოვრების ათ საუკეთესო მამაკაცს შორის მას მეშვიდე ადგილს მივუჩენდი", – აცხადებდა მოდელი.
ელიტური ქალები
2003 წლის ზაფხულში ჯარედ ლეტო ლოს ანჯელესის ღია კაფის ვერანდაზე შემთხვევით შეხვდა ბრიტნი სპირსს. ჯარედიც და ბრიტნიც მეგობრებთან ერთად ვახშმობდნენ. ლეტო მომღერლის მაგიდასთან მივიდა, რათა თავისი ძველი ნაცნობი ენახა. მალე ჩამოჯდა კიდეც და რამდენიმე წუთში ბრიტნის ახალი ნაცნობიც გახდა. ამ ნაცნობობიდან ცოტა ხანში წყვილი ერთად მოსიერნე იხილეს. ბრიტნი ამ რომანს ბოლომდე უარყოფდა. "ის ძალიან თავაზიანი და საყვარელი ადამიანია, მაგრამ ჩვენ ერთად არ ვყოფილვართ. ეს მაგარი ისტორია იყო გაზეთებისათვის, მაგრამ არარეალური", – იმართლებდა თავს ბრიტნი სპირსი.
2005 წელს ჯარედი ლოს ანჯელესის ელიტური გოგონებიდან კიდევ ერთს, ლინდსეი ლოჰანს ხვდებოდა. მათ ერთმანეთი ფილმ "27–ე თავის" გადაღებებზე გაიცნეს. მაშინ არც ერთმა დაადასტურა რომანის შესახებ გავრცელებული ხმები, მოგვიანებით კი ლინდსეიმ განაცხადა: "ჯარედ ლეტო ნამდვილი პარანოიკია. ის არანორმალური ხდებოდა, როცა ერთად ვიყავით და პაპარაცებს ხედავდა, რომლებიც მუდმივად დაგვდევდნენ. დაშორების შემდეგაც კი წყვილად გვთვლიდნენ. ეს უკვე სასაცილო იყო".
ჯარედ ლეტოს ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა მილიარდერ პერის ჰილტონთანაც. პერისი მას 16 წლიდან იცნობს, მაგრამ პაპარაცებმა მათი პირველი კოცნა მხოლოდ 2008 წელს დააფიქსირეს. პერისის და, ნიკი ჰილტონი, დის დაცვას ცდილობდა და აცხადებდა, რომ ამ რომანის ინიციატორი ჯარედ ლეტო იყო. "დიახ, ისინი ხანდახან დროს ერთად ატარებენ. ჯარედი შეყვარებულია პერისზე. ისიც თვლის, რომ სექსუალური ბიჭია. ერთად კარგად ერთობიან", – აცხადებდა ნიკი.
ჯარედ ლეტო და ნამდვილი სიყვარული
2005 წელს ჯარედის და ეშლი ოლსენის რომანი დაიწყო. მაშინ ლეტომ პირველად აღიარა, რომ მის ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული მოვიდა. ურთიერთობა მართლაც ხანგრძლივი გამოდგა, მაგრამ 3 წლის შემდეგ მაინც დაშორდნენ.
ჯარედ ლეტოს ქალებს შორის ყველაზე მოულოდნელი შერონ სტოუნია. 1999 წელს ლეტო შერონ სტოუნის ბიჭად ითვლებოდა. ეს რომანი თავიდანვე განწირული იყო და მალე სტოუნი კამერონ დიასით ჩაანაცვლა. ეს ჯარედ ლეტოს ცხოვრებაში ყველაზე სტაბილური და ხანგრძლივი რომანი გახლდათ. ურთიერთობა 4 წელს გაგრძელდა. ისინი ნამდვილი ოჯახური წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. დანიშნულებიც იყვნენ, მაგრამ საქმე კვლავ ჯარედ ლეტომ გააფუჭა. ერთ–ერთ გაზეთში კამერონმა წაიკითხა, რომ მის საქმროს რომანი ჰქონდა პერის ჰილტონთან და ურთიერთობას მაშინვე წერტილი დაუსვა.
ცნობილ მექალთანეს გულში სერიოზული იარა დაუტოვა სკარლეტ იოჰანსონმა. 2004–2005 წლებში მათ ვნებიანი რომანი ჰქონდათ. დაშორებიდან ერთი წლის შემდეგ სკარლეტმა რომანი გააბა ჯოშ ჰარტნეტთან, ჯარედმა კი – მია კირშნერთან. იმ დროს ფილმ "შავი ორქიდეას" გადაღებები მიმდინარეობდა, სადაც ერთად თამაშობდნენ ჯოშ ჰარტნეტი, სკარლეტ იოჰანსონი და მია კირშნერი.
37 წლის გულთამპყრობელს ჯერჯერობით სერიოზული ურთიერთობები არ გამოსდის. მან უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ ნამდვილი სიყვარული ეწვია, მაგრამ ყველაფერი ილუზია აღმოჩნდა. ამ ზაფხულს ჯარედი ახალგაზრდა მსახიობის, იზაბელა ლუკასის გარემოცვაში შენიშნეს. იზაბელა ცნობილია ფილმ "ტრანსფორმერები 2"–ით. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს რომანი, არავინ იცის. ჯარედ ლეტოს რომანების ხანგრძლივობის რეკორდი 4 წელია, მინიმალური ვადა კი – ერთი ღამე.




No comments:
Post a Comment