Sunday, November 29, 2009

ra sayvareli saxe aq :D dajildovebaze





MR.NOBODY


ჯარედ ლეტოს: "ვფიქრობ, ვერავინ დამიწუნებს გემოვნებას"

2009-06-10 00:00:00

36 წლის ამერიკელი ჯარედ ლეტო ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც მსახიობი ერთდროულად წარმატებულია კინოსამყაროშიც და როკმუსიკაშიც. იგი როკჯგუფ "30 სექენდ ტუ მარს"–ის სოლისტია. ამ ჯგუფმა 2005 წელს თავისი სადებიუტო ალბომი სარეკორდო ტირაჟით – მილიონნახევარი – გაყიდა. მას შემდეგ ჯარედ ლეტომ არაერთი მუსიკალური და კინოჯილდო მიიღო.

გთავაზობთ მსახიობთან და მუსიკოსთან ინტერვიუს, რომელიც უცხოურ პრესაში გამოქვეყნდა.

– თავს როკმენად უფრო გრძნობთ თუ მსახიობად?

– გააჩნია, რა ხასიათზე ვარ. შეიძლება ერთ დღეს 100 პროცენტით როკმენი ვიყო, მეორე დღეს კი – მსახიობი. როცა გასული საუკუნის 90–იან წლებში ლოს ანჯელესში ჩავედი, მაშინ თავი მხოლოდ მუსიკაში წარმომედგინა.

– მაშინ ალბათ საკუთარ როკჯგუფზე ოცნებობდით.

– ვოცნებობდი, მაგრამ ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართა. შემთხვევით მოვხვდი სერიალში "ჩემი ცხოვრება" და, როგორც ამბობენ, დავიძინე ჩვეულებრივ ადამიანად და გავიღვიძე ვარსკვლავად.

– ბავშვობაში რაზე ოცნებობდით?

– მინდოდა, მხატვარი გამოვსულიყავი ან ნარკოტიკებით მოვაჭრე. ჩემს სახლში ამ თემებზე ხშირად საუბრობდნენ და მეც მეგონა, რომ ჩემი მომავალი ეს იქნებოდა.

– ფილმ "27–ე თავში" თქვენ ჯონ ლენონის მკვლელი მარკ დევიდ ჩეპმენი განასახიერეთ. რატომ დათანხმდით ამ როლს?

– ძალიან მაინტერესებდა იმ ადამიანის ცხოვრება, რომელმაც ლეგენდარული ჯგუფის ერთ–ერთი წევრი მოკლა . ამგვარი ფსიქოპათი მონსტრების თამაში უფრო საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ მაგარი ბიჭების. არანაირად ვცდილობდი, რომ ჩეპმენი ცოტათი სიმპათიური და მისაღები გამეხადა მაყურებლისათვის. ის თავიდან ბოლომდე მონსტრი მანიაკია.

– ამ როლისათვის თქვენ 30 კილო მოიმატეთ.

– იმისათვის, რომ სრულად გამეთავისებინა ჩემი გმირი, საჭირო იყო, 90 კილო ვყოფილიყავი. სწორედ ამდენს იწონიდა ჩეპმენი მკვლელობის დროს. ცხოვრებაში იმდენი არ მიჭამია, რამდენიც ამ პერიოდში. პიცა, მაკარონი, ტკბილეული და ნაყინის მთები – ეს ყველაფერი ჩემი რაციონის ერთი ულუფა იყო.

– ინტერნეტში გაკეთდა ვებგვერდი, რომელიც აპროტესტებს ამ ფილმის შექმნას და მოითხოვენ, აიკრძალოს მისი კინოგაქირავებაში ჩაშვება.

– მესმის, ეს ადამიანები ჯონ ლენონის თავდადებული ფანები არიან და მათ აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი პროტესტი.

– მოგვიყევით თქვენი როკჯგუფის შესახებ. თქვენ მილიონობით ფანი გყავთ.

– ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენს ფანებს. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა ტურნეებით დავდივარ მსოფლიოს გარშემო. მენატრება ავტობუსში ცხოვრება და ფანების განათებული სახეების დანახვა.

– ბევრი მსახიობი და მომღერალი ვერ ახერხებს, ორივე სფეროში ისეთი წარმატებული იყოს, როგორიც თქვენ ხართ. რაშია ამის საიდუმლო?

– მთავარია, მოინდომო და ყველაფერი გამოგივა. ვფიქრობ, მე მაინც ვერ ვახერხებ, იმდენი დრო დავუთმო თითოეულ სფეროს, რამდენიც სჭირდება, მაგრამ მალე ვიპოვი იმ ძალას, რომელიც უფრო პროდუქტიულს გამხდის.

– თუ გახსოვთ, ბოლოს როდის იტირეთ?

– როდესაც ჩემი მეგობარი მოკლეს. ამ ტრაგედიამ მორალურად გამანადგურა.

– რის ჭამას ისურვებდით სიცოცხლის ბოლოს?

– ბებიის მომზადებულ ნებისმიერ კერძს, ან შეიძლება მარტო ალუბლის ნამცხვარსაც დავჯერდე.

– სად გაატარეთ თქვენი ბოლო შვებულება?

– შვებულებებისაგან თავს ვიკავებ, რადგან ბევრი სამუშაო მაქვს. ბოლოს ნიკარაგუაში ვიყავი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. ძალიან მაგარი ქვეყანაა. აეროპორტში იმდენი შეიარაღებული ადამიანი დადიოდა, რომ თავი სამხედრო პოლიგონზე მეგონა.

– ვისთან ერთად ისურვებდით ლიფტში გაჭედვას?

– ყოველ შემთხვევაში, ტრანსვესტიტთან ერთად არ ვისურვებდი. ერთხელ აეროპორტის ლიფტში 9 საათი ვიყავი გაჭედილი და, ჩემ გარდა, კაბინაში 11 ადამიანი იყო. საშინელი სიტუაცია შეიქმნა, ზოგი ტიროდა, ზოგი – ფრჩხილებს იჭამდა. ერთმა ჯენტლმენმა იქვე კუთხეში მოისაქმა. მას შემდეგ ლიფტების შიში დამჩემდა.

– როგორია თქვენი საუკეთესო მოგონებები კინოდან?

– ალბათ ეს არის ფილმი "ოცნებების რეკვიემი", სადაც დევიდ ლინჩთან ერთად ვითამაშე.

– ვის თვლით საუკეთესო პარტნიორებად?

– ნიკოლას კეიჯს, ჯენიფერ კონელს და დაიან კრუგერს.

– თქვენი მუსიკის შთაგონების წყარო რა არის?

– წიგნები და კლასიკური მუსიკა, ჩემი ბავშვობისდროინდელი სიმღერები. მოკლედ, ყველაფერი, დაწყებული "ლედ ზეპელინით" დამთავრებული "პინკ ფლოიდით".

– რას ნიშნავს თქვენთვის მოდა?

– ჩემთვის მოდა შემოქმედებითი დიზაინისა და ფუნქციური იდეების ერთობლიობაა. ჩემი ჩაცმულობა ერთფეროვანი და მოსაწყენი არ არის. ვფიქრობ, ვერავინ დამიწუნებს გემოვნებას.

– რას ფიქრობთ ტაბლოიდებზე?

– გააჩნია, ჩემზე რას წერენ და რა მიზნით. ხშირად ჩემზე დაწერილ ინფორმაციაზე ვიცინი, საინტერესო რამეებსაც წერენ. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ჩემი კარიერის ნაწილია და უნდა ავიტანო.

– რომელია თქვენი საყვარელი ფერი?

– მზის ჩასვლის ფერი მაროკოს სანაპიროზე.

No comments:

Post a Comment